Sonntag, 27. Oktober 2013


კარგახანია არ დამუფლებია სურვილი რამე დამეწერა. ინსპირაცია თუ მომაწვებოდა გადაღებით ვკავდებოდი.
ამასობაში შემოდგომაც დადგა. აჭრელდა ბუნება. მე კიდევ ვზივარ და ვადევნებ თვალყურს ამ ყველაფერს ახალი ოფისის სუფთა, გაწკრიალებული ფანჯრებიდან.
ამ მომენტში მინდა ვიჯდე პარკში მთელი დღე და ვაკეთებდე არაფერს.
არაფრის კეთებაში კონკრეტულად წიგნის კითხვა, სიგარეტის მოწევა, მზეზე წოლა და ხალხზე თვალყურის დევნება იგულისხმება.
ჯერ კიდევ მწვანე ბალახთან სიყვარული და უბრალოდ ყოველგვარი გეგმის გარეშე საკუთარ თავთან განმარტოება.
ის შეგრძნება მომენატრა ოკეანეს რომ ადევნებ თვალყურს და გინდა მისმა სიღრმემ გშთანთქოს. ჩვეულებრივი მონა ვარ მისი აღმაფრთოვანებელი მონსტრული ხმაურის და სილამაზის.
ის ადგილები რომლებსაც სამოთხეს ეძახიან და ისინიც დამსახურებულად ატარებენ ამ ტიტულს ბევრია ჩვენს პლანეტაზე. იმდენად ბევრი, რომ ალბათ  ოთხი სიცოცხლე მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ შეძლოს მათი უმეტესობის მონახულება. 
მეც მივაგენი ჩემს პერსონალურ სამოთხეს რამდენიმე თვის წინ.
იმდენად კარგი იყო იგი, რომ არ მინდოდა მისი არსებობა ვინმესთვის გამეზიარებინა, მაგრამ ახლა უკვე მენატრება და სანამ დავიწყებას მიეცემა ის თბილი, გემრიელი მოგონებები უნდა დავწერო, რომ მერე ერთ ცივ ზამთრის საღამოს წავიკითხო და გავთბე.

ის შორსაა, ორ ოკეანეს შორის. მწვანეა და თავის ენაზე "მდიდარი სანაპირო" ჰქვია.
იქ ხალხს უსაფუძვლო ამბიციები არ აწუხებს და პრეტენზიის გარეშე მიჰყვებიან დინებას.
ქალაქებში შროშანების- და სანაპიროზე კი მარილიანი წყლის, თევზის და საზამთროს სუნი ტრიალებს.
ტალღები კედლებივით აღიმართება შენს თვალწინ და ამ ყველაფერის ყურება უბრალოდ სიამოვნებას განიჭებს. გავიწყდება ყველა და ყველაფერი. იმ მომენტში გინდა, რომ იყო იქ და უბრალოდ იყო. უყურო ამ სილამაზეს პალმაზე დაკიდებული ჰამაკიდან და აღარასოდეს დატოვო ის ადგილი.

მზის ჩასვლები ხომ კიდევ სულ სხვა თემაა. რამდენადაც ბანალური არ უნდა იყოს ეს პეიზაჟი, მაინც სულ გინდა რომ იღო და გადმოსცე ფოტოებში ის სილამაზე რასაც ხედავ, რათა შთამომავლობამ ნახოს თუ სად იყო მაშინ ნანატრი სამოთხე.

წმინდა ტერეზა ერთერთი იმ ადგილთაგანია, სადაც არ შეიძლება ადამიანს არ აღმოხდეს  "ვოუუჰჰჰ" და ზოგადად "ვოუჰჰჰჰჰ" ზუსტად ის ფრაზაა, რომელიც იქაურობას შეეფერება. იქ ბევრი ხალხი არ ცხოვრობს და სანაპიროზე კანტიკუნტად თუ შეხვდები ვინმეს ყოველ ერთ საათში. არც. და თუ კი....ეს ვიღაც ან თვალებაწითლებული სერფერია, ან კიდევ შენსავით სამოთხის ძიებაში მყოფი გზააბნეული მოგზაური.
გაფართოებული თვალებით და ნახევრად ღია პირით ზიხარ და თვალყურს ადევნებ თითქოს ერთი და იგივე პეიზაჟს, მაგრამ მაინც სხვანაირს. ისეთი, როგორიც არსად არ არის. იგი არ არის უნაკლო და საბედნიეროდ არ ჰგავს ფრანგული პოლინეზიის ამა თუ იმ კუნძულს, რომლებიც თავისი პერფექციონიზმით შიშს გგვრის. იქ ამქვეყნიური სამოთხეა. თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ შარმს ჰმატებს იქაურობას.
იქ ღირებულებების გადაფასება ხდება. აგარ ექცევა იმ ტრივიალურ პრობლემებს ყურადღება, რომლებსაც ევროპაში დიდი უპირატესობა ენიჭებათ.

იქ "სუფთა სიცოცხლე"ა ცხოვრების მოტო. იქ ყველაზე გემრიელი ყავაა და ყველაზე ლამაზი ტალღები. იქ უამრავი სახეობის მწვანე ფერი არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ქვეყანაში ყოფნა საკუთარ მომავალზე გაფიქრებს.

ღირს თუ არა დაუთმო "ერთი" სიცოცხლე. ერთიც, რომ იყოს რა უჭირს. ზუსტად, რომ გამოითვალო ნახევარიც არ გამოდის, რადგან 24 საათიდან სავარაუდოდ 14საათი სამსახურს, 1-2 საათს აქედან პირად ჰიგიენას და სპორტს უთმობ. ესეც შენი 16 საათი. ეფექტურად 3 საათი გრჩება დღე-ღამეში. შაბათ-კვირას მოვალეობები და ათასი წვრილმანის მოგვარება, რომლებსაც დრო მიაქვთ. მერე ძილი). ზოგჯერ ვფიქრობ, როგორმე ძილს გადავეჩვიო, რომ კიდევ უფრო მეტი დრო დამრჩეს. მოკლედ ასეც და ისეც, როგორაც არ უნდა მივუდგე ამ საკითხს, მაინც ძალიან ცოტა დრო გვაქვს და რეალურად თანამედროვე მონები ვართ.

პარასკევ საღამოს თითქოს ავმჩატდებით. გვიხარია შაბათ-კვირა, რომელსაც სხვა რაღაცეებს დავუთმობთ. თითქოსდა ვგეგმავთ კიდეც. რაც მთლიანად "დასქედულებული" კვირის შემდეგ იშიათად ხდება..
იქ კი ამ ყველაფერს სხვანაირად ხედავ. ფიქრდები იმაზე თუ რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში და რის გამო ღირს დარდი.

გინდა რომ აღარასოდეს აწყენინო ვინმეს, ყოველთვის იღიმოდე, ის სამი საათი რომელიც გრჩება საინტერესო რაღაცეებს დაუთმო. გინდა, რომ სიყვარული გააზიარო (რა თქმა უნდა ასე არ ხდება ხოლმე) მოკლედ, რომ ვთქვა კეთილშობილდება ადამიანი იქ.

ღირს კი ამ დროის ასე უქმად გატარება, როცა იცი, რომ მხოლოდ ასე ცოტა დრო გაქვს?
ყველაზე ცუდი იცი რა არის? ის, რომ ხვდები არ ღირს და ამ ყველაფერს მაინც ვერ ცვლი, იმიტომ რომ....







St. Teresa














Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

Feel free!